ლეიკი: რიში სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეა, რომლის მნიშვნელობას არ დავაკნინებდი


ფოტო: Fox News

Bloomberg-ის ჟურნალისტი, ილაი ლეიკი, რომელმაც სტატიაში ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და მას “ჩრდილოვანი ბოსი” უწოდა, ამბობს, რომ სენატორი ჯონ რიში, რომელიც ერთ-ერთია იმათგან, ვინც პრემიერმინისტრ გახარიას კრიტიკული წერილი გამოუგზავნა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა და მიანიშნებს, რომ მისი მნიშვნელობის დაკნინება არ ღირს.

“სენატორი რიში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, საქართველოსთვის საგარეო დახმარება იქნება თუ სამხედრო, ყველაფერი მის კომიტეტში გადის. ამ პოზიციაზე მას ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა აქვს. ამიტომ მე სენატის საგარეო კომიტეტის მნიშვნელობას არ დავაკნინებდი”,-ამბობს ლეიკი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. 

სენატორმა რიშმა გახარიას წერილი სენატორ ჯინ შახინთან ერთად გამოუგზავნა.  

სენატორები წერდნენ, რომ დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა ქართული დემოკრატიის და მმართველობის დასუსტებაზე მიუთითებს. მათივე თქმით, ბოლო პერიოდში ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების მიზანში ამოღება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

“ვიმედოვნებთ, რომ სწრაფად შეეცდებით ამ უკუსვლის შემობრუნებას და შეუსრულებთ დანაპირებს ქართველ ხალხს” – ნათქვამია სენატორების წერილში.

სენატორი რიში ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებასაც გამოეხმაურა. მან უგულავასთვის პატიმრობის მისჯას “პოლიტიკური ძალადობა, სასამართლოს ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა” უწოდა.





ინფორმაციის წყარო: ნახვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *