მირზა სხულუხია და ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალში იჭიდავებენ


რომში, მატეო პელიკონეს სახელობის ოლიმპიური ცენტრის საჭიდაო ხალიჩებზე, ევროპის ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ.

70კგ წონით კატეგორიაში სხულიხიას მეტოქეს, ლიეტუველ არტემ აუგას მსაჯებმა წამზომი ჩაურთეს და მან 30 წამში ილეთის ჩატარება ვერ შეძლო. მეორე პერიოდში სხულუხიამ მეტოქის ჯერ ხალიჩიდან გაყვანა მოახერხა, შემდეგ კი ორჯერ გადაიყვანა იგი ჩოქბჯენში და შეხვედრა საბოლოოდ 6:0 დასრულდა.

მეორე შეხვედრა მირზა სხულუხიას მასპინძელ, იტალიელ ჯანლუკა ტალამოსთან ჰქონდა. სხულუხიამ პირველის პერიოდი პირველ წუთზევე გადაიყვანა მეტოქე ჩოქბჯენში და დაწინაურდა – 2:0. პერიოდის დასრულებამდე 30 წამით ადრე მან კვლავ მოახერხა ორი ქულის აღება- 4:0. მეორე პერიოდის პირველ წუთზე მან კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა – 6:0. იტალიელმა 2 ქულის აღება მოახერხა საპასუხოდ, მაგრამ დარჩენილ წუთსა და 33 წამში მეტი ვეღარ შეძლო და სხულუხიამ 6:2 მოიგო შეხვედრა.

97კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძის სომეხ მეტოქეს, სარგის ჰოვსეპიანს პასიურობისთვის წამზომი ჩაურთეს და 30 წამის შემდეგ ოდიკაძემ ქულა მიითვალა – 1:0. მეორე პერიოდის პირველ წუთზე მან ორჯერ შეძლო ორქულინი ილეთის ჩატარება და შეხვედრა ანგარიშით 5:0 დაასრულა.

მეორე შეხვედრაში ელიზბარ ოდიკაძემ პირველი პერიოდის ბოლო წუთზე მეტოქის პასიურობის ხარჯზე მოპოვებულ ქულას მაშინვე მიაყოლა ორი ქულა და 3:0 მოუგო პირველი პერიოდი ბელარუსელ დენის ხრამენკოვს. მეორე პერიოდის დასაწყისშივე ხრამენკოვმა ხალიჩის გარეთ გაიყვან ოდიკაძე – 3:1, პირველი წუთის დასასრულს კი ორქულიანი ილეთით ანგარიში გაათანაბრა – 3:3. წაგების პირას მყოფმა ოდიკაძემ შეხვედრის დასრულებამდე 32 წამით ადრე წამოწყებული ილეთის შესრულებისას, მეტად კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფმა, შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე შეძლო 2 ქულის აღება და დარჩენილ ხუთ წამში ამ უპირატესობის შენარჩუნება. მეტოქის მწვრთნელის პროტესტის საკმაოდ ხანგრძლივი განხილვის შემდეგ ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა: 6:3 ოდიკაძის სასარგებლოდ.

55კგ წონით კატეგორიაში ოთარ გოგავას ბულგარელ გეორგი ვანგელოვთან შეხვედრაში წამზომი ჩაურთეს და მან ილეთის ჩატარება ვერ შეძლო – 0:1. იქვე მეტოქემ მას ორი ქულა აართვა და პირველი პერიოდი გოგავამ 0:3 დამო. მეორე პერიოდში ვანგელოვმა სამჯერ შეძლო ორქულიანი შეფასების მიღება და გოგავა ვადაზე ადრე დამარცხდა – 0:9.

65კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მსაჯებმა წამზომი ჩაურთეს და აზერბაიჯანელი ალი რაჰიმზადე დაწინაურდა – 1:0. შემდეგ ხინჩეგაშვილი მეტოქის იერიშის ჩაშლის მიზნით ხალიჩიდან გაქცევის გამო გააფრთხილეს – 2:0. მეორე პერიოდის დაწყებიდან 24 წამში რაჰიმზადემ მეტოქის ჩოქბჯენში გადაყვანისთვის მიიღო 2 ქულა – 4:0. შემდეგ ილეთის გაკეთების ორმხრივი მცდელობისას, მსაჯებმა შეხვედრა შეაჩერეს, რაც ხინჩეგაშვილის მწვრთნელმა გააპროტესტა. პროტესტი განიხილეს, უსაფუძვლოდ სცნეს და რაჰიმზადეს კიდევ ერთი ქულა მიანიჭეს – 5:0. შეხვედრის ბოლო წუთზე აზერბაიჯანელი შეტევაზე გადასულ ხინჩეგაშვილს კიდევ ერთხელ მოექცა უკნიდან, დააფიქსირა მეტოქეზე კონტროლი და მორიგი ორი ქულა მიითვალა – 7:0.

79კგ წონით კატეგორიაში ჰასანოვს პასიურობისთვის ჯერ პირველ, შემდეგ კი მეორე პერიოდში ჩაურთეს წამზომი და ორივე შემთხვევა კენჭაძისთვის ქულის მინიჭებით დასრულდა. ბოლო წუთის დაწყებისთანავე კენჭაძემ მეტოქის ხალიდან გაყვანაც შეძლო და 3:0 დაწინაურდა. იქვე ჰასანოვმა გაიყვანა მოწინააღმდეგ ხალიჩიდან, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 13 წამით ადრე უკნიდან მოექცა მას, ჩოქბჯენში გადაიყვანა და შეხვედრის დასრულებამდე ასე გააჩერა. ფრედ დასრულებულ შეხვედრაში უფრო მეტქულიანი ილეთის ხარჯზე გამარჯვებულად ჰასანოვი გამოცხადდა.

55კგ წონით კატეგორიაში ბულგარელმა ვანგელოვმა რუს აზამატ ტუსკაევთან წააგო შეხვედრა და ოთარ გოგავას რეპეშაჟიდან ბრძოლის გაგრელების შანსი წაერთვა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის და ნიკა კენჭაძის მძლეველები ნახევარფინალში არიან და მათი ფინალში გასვლის შემთხვევაში ორივეს მიეცემა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა.

ნახევარფინალში მირზა სხულუხია მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს  და ევროპის ჩემპიონატების სამივე სინჯის მედლების მფლობელ, პოლონელ მაგომედმურად გაჯიევს შეხვდება, ელიზბარ ოდიკაძე კი ოლიმპიურ თამაშების გამარჯვებულს და  მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს, რუს აბდულრაშიდ საიდულაევს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.





ინფორმაციის წყარო: ნახვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *