საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიანი სია დაადგინა


საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-2 მუხლის შესაბამისად 2020 წლის 22 იანვრის სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიანი სია დაადგინა.

საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ ორ პირს სათანადო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო დაუდგინა ხარვეზი და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა. ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საბჭო გადაწყვეტს მათი სიაში დატოვების ან/და შერჩევის პროცესიდან მოხსნის საკითხს.

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ყველა პირთან საპროკურორო საბჭო ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას. მოხდება გასაუბრების პროცესის აუდიოჩაწერა და მისი განთავსება საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე. გარდა ამისა, გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების პროცესი ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო, ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებს ფარული წესით უყრის კენჭს და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2020 წლის 27 იანვრიდან დაიწყებს.





ინფორმაციის წყარო: ნახვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *