მელია: მოსახლეობამ არჩევნებამდე უნდა იცოდეს, ვინ იქნება შს მინისტრი და გენერალური პროკურორი


ჩრდილოვანი კაბინეტი უნდა იყოს და მოსახლეობამ არჩევნებამდე ბევრად ადრე უნდა იცოდეს ვინ იქნება შს მინისტრი და ვინ გენერალური პროკურორი – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში ვახო სანაიას “დღის ამბებში” განაცხადა.

“სამართლებრივი სისტემის რეფორმირებას დასჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ სანამ რეფორმირებას დაექვემდებარება ესა თუ ის უწყება, მაქსიმალური ნდობით აღჭურვილ პირებს უნდა ჩაბარდეს ესა თუ ის უწყება და ამის შესახებ მოსახლეობამ ბევრად ადრე უნდა იცოდეს, სანამ არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთთან მივა. ჩრდილოვანი კაბინეტი უნდა იყოს. თუ ნაციონალური მოძრაობა პარტნიორებთან ერთად, გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში გაიმარჯვებს არჩევნებში, მოსახლეობამ უნდა იცოდეს – ვინ იქნება შს მინისტრი, ვინ იქნება გენერალური პროკურორი. ეს აუცილებლად გაკეთდება და ამას ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით.

თუმცა, ის რომ დამნაშავეს პასუხი არ უნდა ვაგებინოთ, ეს გამორიცხულია. არ შეიძლება დახუჭო თვალი ფარცხალაძაზე, დახუჭო თვალი იმ ადამიანებზე, რომლებმაც პრაქტიკულად ჩამოშალეს სახელმწიფო ბიუჯეტი. იმიტომ, რომ სახლში წაიღეს. ეს ხელისუფლება არც კი ზრუნავს იმაზე, რომ პოზა მაინც დაიჭიროს და მოგაჩვენოს, რომ ზრუნავს ხალხზე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.





ინფორმაციის წყარო: ნახვა