კაჭკაჭიშვილი: ხელისუფლების ცვლილებების მაქსიმუმად მოჩანს ის, რომ კოალიციური ხელისუფლება გვეყოლება


“კვალიფიციურად ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები გარკვეული სავარაუდო სცენარების განჭვრეტის შესაძლებლობას იძლევა.

რას აჩვენებს NDI-ის გამოკითხვა დღეს? როგორი პოლიტიკური პროგნოზის გაკეთება შეიძლება დღევანდელი გადასახედიდან? (ცხადია, მომავალ თვეებში ეს პროგნოზი შეიძლება შეიცვალოს).

დღესდღეობით, სახელისუფლო ცვლილებების მაქსიმუმად მოსჩანს ის, რომ საქართველოს ეყოლება კოალიციური ხელისუფლება; ხოლო, უარეს შემთხვევაში – ოცნება გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლებს უმრავლესობის შენარჩუნებას.

არჩევნების პროპორციული ნაწილის კონტექსტში, მმართველი პარტიის 20%, ხოლო ცალკეული ოპოზიციური პარტიების უფრო ნაკლები წონა კოალიციური ხელისუფლების შექმნის აუცილებელი წინაპირობაა.

თუმცა, ამ პერსპექტივას შეიძლება ხელი შეუშალოს მაჟორიტარულმა არჩევნებმა. თუ ხელისუფლება მაჟორიტარულ არჩევნებში 75-იდან უმრავლესობას (ვთქვათ, 61-ს) გაიყვანს, მაშინ მას კვლავ უმრავლესობა ეყოლება (მყიფე, მაგრამ მაინც).

რა შემთხვევაში აქვს ხელისუფლებას შანსი, რომ უმრავლესობა კვლავ მოიპოვოს? 1. თუ ოპოზიცია ვერ შეთანხმდა საერთო კანდიდატებზე მაჟორიტარულ ოლქებში და 2. ოპოზიციურ პარტიათა შეუთანხმებლობის კვალდაკვალ, ოპოზიციური ამომრჩეველი ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილია დარჩა (ანუ, მხარი არ დაუჭირა საერთო ოპოზიციურ კანდიდატს).

თუ ოპოზიციური ფლანგი შეთანხმდა საერთო კანდიდატებზე მაჟორიტარულ ოლქებში და ამ შეთანხმების მიზანშეწონილობაში ამომრჩეველიც დაარწმუნა, მაშინ კოალიციური ხელისუფლების პერპექტივა აბსოლუტურად რეალურად გამოიყურება.

აქვე დავძენ: ხელისუფლება მიხვდა (თუმცა, დიდი მიხვედრა ამას არც სჭირდებოდა), რომ პროპორციული არჩევნების პირობებში ერთპიროვნულ ხელისუფლებაში დარჩენის ნულოვანი შანსი ჰქონდა და სწორედ ამიტომ ჩაშალა საქვეყნოდ დადებული პირობა”, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

შეგახსენებთ, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ – 20%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 13%, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატებს“ – 8% მისცემდა ხმას.





ინფორმაციის წყარო: ნახვა