ხაზარაძე: ვთავაზობთ, ქუთაისის პარლამენტის შენობაში მოეწყოს საერთაშორისო საფონდო ბირჟა


“ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მორიგი ბრიფინგი გამართა და საქართველოში შეჩერებულ პროექტებზე ისაუბრა.

ხაზარაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ამბიციებსა და დაპირისპირებას ეწირება ქვეყნის ინტერესები და სახელმწიფო ბიუჯეტი. ხაზარაძე ამბობს, რომ ივანიშვილს და სააკაშვილს ქვეყანა მათი საკუთრება ჰგონიათ.

“პარლამენტი, რომელიც 350 მილიონ ლარამდე დაჯდა, დღეს ბაყაყების საბუდარად იქცა. პრეზიდენტის სასახლე 500 მილიონ ლარამდე დაჯდა და გაჩერებულია. ჩვენ ვიხდით თანხებს ამ შენობების შენახვაზე და პრაქტიკულად პარტახდება იქაურობა. შემოვლითი რკინიგზა, რომელზეც, დასკვნა სწორი იყო ამის დაწყება თუ არა, დღეს ჩვენ აღარ გვაინტერესებს, რადგან 8 წელი გავიდა და ვერ მივიღეთ პასუხი რა უნდა ეშველოს იმ თანხებს, რომლებიც ჩვენი ჯიბიდან იქნა ამოღებული და ჩადებული ამხელა ინფრასტრუქტურულ პროექტში,” – ამბობს ხაზარაძე.

“ლელოს” ლიდერის თქმითვე, 8 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ 345 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ განახორციელა და 100 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტები კი დაწყებული და დაუმთავრებელია.

“როდესაც ანაკლიას უყენებენ პრეტენზიას ვადებთან დაკავშირებით, ვსვამ კითხვას – ვინ არის პასუხისმგებელი, როცა ბიუჯეტში არსებული თანხა ვერ იქნა დახარჯული, არ შეიქმნა სამუშაო ადგილები და ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა – გზები, ხიდები, გვირაბები, რომლებიც 3,4, 5 წლის წინათ უნდა გაეკეთებინათ. რკინიგზის ლიანდაგი და სადგური ქუთაისის აეროპორტისკენ, როცა ამხელა ინფრასტრუქტურული პროექტული არსებობს და ამხელა ნაკადია, ხელისუფლება კი ამბობს, გავაკეთებ რკინიგზას და ვერ აკეთებს ეს უნიათობის და არაკომპეტენტურობის ნიშანია. ეს არის ძალიან პატარა ნუსხა იმ არაკომპეტენტურობის, რომელშიც ჩვენი ხელისუფლება იმყოფება,” – ამბობს ხაზარაძე. 

მამაუკა ხაზარაძე ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ქუთაისი პარლამენტის შენობაში მოეწყოს საერთაშორისო საფონდო ბირჟა.

“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა გადაიქცეს რეგიონალურ ჰაბად. ქუთაისის აეროპორტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ტვირთები და არა მარტო მგზავრები. ამისათვის საჭიროა ქუთაისის აეროპორტის მოდერნიზირება და მის გარშემო ისეთი გიგანტების შემოყვანა, როგორიც არის ფედექსი, ამაზონი და სხვა,” – თქვა ხაზარაძემ.

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბრიფინგებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მართავს ხოლმე, რადგან როგორც თავად თქვა, ყოველ მეორე დღეს ჩანიშნული პროცესების გამო პოლიტიკურ საქმიანობაში ხელი ეშლება. 





ინფორმაციის წყარო: ნახვა