ერდოღანი ლიბიის ამბოხებულ გენერალს მკაცრად დასჯის ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების შემთხვევაში


ლიბიის არაოფიციალური გასამხედროებული ფორმირებების ლიდერმა, ხალიფა ჰაფთარმა მოსკოვში გამართული რუსეთისა და თურქეთის ორგანიზებით მოწყობილი ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკება დატოვა. რუსეთში მოლაპარაკებაზე ჰაფთართან ერთად იმყოფებოდა მისი მოწინააღმდეგე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებული ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი ფაიეზ ალ სარაჯი. ამის შესახებ წერს არაბული მედია.

ჰაფთარი, რომელიც ხელმძღვანელობს ლიბიის თვითგამოცხადებულ ეროვნულ არმიას, აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წარმოდგენილი პირობები მის ინტერესებს არ ეხმიანება, რის გამოც დატოვა შეხვედრა.

ჰაფთარი ითხოვს, რომ მისი მებრძოლები შევიდნენ დედაქალაქ ტრიპოლიში, რომელიც ამ დროისთვის ალ-სარაჯის ძალების მიერ კონტროლდება. მისი თქმით, სარაჯთან ერთად თანახმაა ერთიანი მთავრობის ჩამოყალიბებაში მიიღოს მონაწილეობა.

შეხვედრის დატოვებამდე ჰაფთარმა მოითხოვა საერთაშორისო მონიტორინგი თურქეთის გარეშე, რომელიც მისი თქმით, მხარს უჭერს და აიარაღებს ლიბიის ლეგიტიმურად ცნობილ ხელისუფლებას.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გააკრიტიკა ჰაფთარი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების განხილვის პროცესის დატოვების გამო და განაცხადა, რომ თურქეთი მას აუცილებლად ჩაუტარებს გაკვეთილს თუ გააგრძელებს ბრძოლას ლიბიის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სამხედრო ძალების წინააღმდეგ.

„ჩვენ არ ვიყოყმანებთ, რომ გაკვეთილი ჩავუტაროთ პუტჩისტ ჰაფთარს, თუ იგი შეტევებს გააგრძელებს ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებასა და მათ მოძმე მოკავშირეებზე ლიბიაში“ ,- განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ჰაფთარის შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გასული წლის აპრილში დაიწყო ლიბიის სამთავრობო ძალების გამაგრებულ პოზიციებზე შეტევა დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში.





ინფორმაციის წყარო: ნახვა