ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან


ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტში, გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტს.

გიგა ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან არ შეიძლება უსაფუძვლოდ ხელის დადება პოლიტიკურ ოპონენტებზე. მისთვის გაუგებარია, რატომ აიღეს მომხდარის გამო ეჭვი მათზე და არა „აბოხებულ დეპუტატებზე“, რომლებიც ივანიშვილზე არიან გაბრაზებულები და შესაძლოა, მისი დასჯა გადაწვიტეს.

„ღრმა კრიზისი რომ არ იყოს ქვეყანაში და საოცარი საფრთხე ამ სამარცხვინო ლიდერისგან და მისი კლოუნებისგან, ეს იქნებოდა უბრალოდ ანეკდოტი ახლა რაც ხდება – ისტერიკა, რომ ვიღაცამ დაასხა სითხე და ცუდი სუნი დადგა პარლამენტში. აღშფოთებული არიან ტერაქტიაო ყვირიან. მე, რა თქმა უნდა, ვინმეს თუ სუნზე ჰქონდა რეაქცია, ვუსურვებ, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს. მაშინვე ხელი გაიშვირეს პოლიტიკური ოპონენტებისკენ და იქნებ „მეამბოხე დეპუტატებზე“ ეკითხათ, იქნებ ივანიშვილზე გაბრაზებულები არიან და სჯიან. ასე ხელის დადება როგორ შეიძლება ვინმეზე. თან ამ რანგის აღშფოთება?! ეს ხალხი მაშინ არ აღშფოთებულა ხალხს თვალები რომ დათხარეს და უმკაცრესი დასჯა მაშინ არ მოუთხოვიათ და სუნზე არიან ახლა გაგიჟებულები?! ესეც ერთ-ერთი სახეა ამ რეჟიმის როგორც რეაგირებენ ამ ინციდენტზე“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დატოვონ სხდომათა დარბაზი. მანამდე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი შევიდა, რომელმაც გაურკვეველი ნივთიერება დაასხა.





წყარო