ოქროს მედლები ტურინზე, ოქროს მედლები იაპონიაში და ოქრო ყაზახეთში – ქართველების მსოფლიო ტრიუმფი


8 დეკემბერს საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა არნახულ წარმატებას მიაღწიეს და ერთდროულად სამ ქვეყანაში აღიმართა საქართველოს დროშა და შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

8 დეკემბერს – იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში ახალგაზრდა და მოზარდ სპორტსმენთა შორის, ქართველმა გოგონებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს.

11-12 წლამდელთა კატეგორიაში, მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა ოქროს მედლების და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლეს სინქრონულ ხტომებში.

ქართველ გოგონათა წყვილმა კვალიფიკაციაში წარმატების შემდეგ (44.710 ქულა), ფინალურ ეტაპზეც მაღალი შედეგი აჩვენა და 44.340 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ბოჭორიძე-ლაპიაშვილის წყვილმა ფინალში რუსეთისა და იაპონიის წარმომადგენლებს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საერთაშორისო მსაჯად საქართველოდან მიწვეულია ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, რუსუდან ხოფერია.

8 დეკემბერს – ქართველი მოციგურავეები ტურნირზე იუნიორთა კატეგორიაში ასპარეზობდნენ. ფინალურ ეტაპზე 6 წყვილი მონაწილეობდა და რევია-კაზაკოვას დუეტმა მეორე ადგილზე გასულ ამერიკულ წყვილს 0,16 ქულით აჯობა. მესამე ადგილზე რუსი მოციგურავეები გავიდნენ.

8 დეკემბერს – პირველად ისტორიაში – კიოკუშინ-კაი კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ყაზახეთში გაიმართა, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანდრეი ზინჩენკო მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ზინჩენკო 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

იმავე წონით კატეგორიაში მეორე ადგილი რუსეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები ირანისა და იაპონიის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა გადაინაწილეს.

60 კგ კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა სერგო მოვსესიანი, 95 კგ-ში ლაშა კამარაული.





ინფორმაციის წყარო: ნახვა