ოპოზიცია საარჩევნო კანონპროექტზე: რა შენიშვნასაც მივიღებთ ეუთოს მხრიდან, გავითვალისწინებთ


ოპოზიციური გაერთიანება ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე დაფუძნებით შემუშავებულ კანონპროექტს სახალხო დამცველს გადაუგზავნის. როგორც ერთობლივ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციას არ შეუძლია, დამოუკიდებლად მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამას ომბუდსმენს სთხოვს.

“დღეს ამ კანონპროექტს გადავუგზავნით სახალხო დამცველს, რომელსაც მივმართავთ თხოვნით, რომ მხოლოდ მისი მექანიზმის გამოყენებით შეგვიძლია მივმართოთ ეუთო/ოდირს. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, პირდაპირ მივმართოთ. გარდა ამისა, სახალხო დამცველის განცხადებით, კანონი უნდა იყოს რეგისტრირებული პარლამენტში, იმისთვის, რომ გაიგზავნოს და ეს არის ეუთოს მოთხოვნა. ჩვენ მზად ვართ, ეს მოთხოვნა შევასრულოთ და არ შევქმნათ ამით პრობლემა. ამიტომ, ხვალ, საპარლამენტო ოპოზიციას დაარეგისტრირებს კანონპროექტს.

რაც მთავარია, ჩვენ მზად ვართ, რა შენიშვნასაც მივიღებთ ეუთოს მხრიდან, გავითვალისწინოთ და გავიზიაროთ. მზად ვართ, თუ გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით სხვა მოსაზრებები იქნება, ესეც გავითვალისწინოთ მაქსიმალურად.

აქვე მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, დესტრუქციული ქმედების ნაცვლად გადახვიდეთ კონსტრუქციულ მოქმდებებზე. ქვეყანა დაიღალა ამ ერთი და იგივე განცხადებებით და მაქსიმალურად გთხოვთ, გადახვიდეთ კონსტრუქციულ ვითარებაზე. ჩვენ გვინდა ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრება, გვინდა ისეთი საარჩევნო მოდელი, რომელიც ირჩევს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება ხალხს” – განაცხადა ვაშაძემ.

მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ოპოზიციამ ქართულ რეალობაზე მორგებული გერმანული საარჩევნო მოდელი შეიმუშავა. ამ საკითხთან დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსის ინიცირებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრაც გაიმართა. თუმცა, როგორც შეხვედრის შემდეგ, ქართული ოცნების წევრები აცხადებდნენ, რომ მმართველი გუნდის ურყევ პოზიციად დარჩა, რომ “გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია”.





ინფორმაციის წყარო: ნახვა