თალაკვაძე: წინასწარ უნდა აღიკვეთოს ის აქტივობები, რომლებიც ძალადობის პროვოცირებას ახდენს


ფოტო: ტვ.პირველი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ წინასწარ უნდა აღიკვეთოს ისეთი “სარისკო” მოქმედებები, რომლებიც “ძალადობის პროვოცირებას” ახდენს.

ასე ეხმაურება არჩილ თალაკვაძე გუშინ, 2 დეკემბერს ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ინციდენტის პრევენცია მოხდეს წინასწარ. ჩემი პოლიტიკური შეფასება თუ გაინტერესებთ, გუშინ რაც ვნახეთ, რეალურად ნათელია საზოგადოებისთვის რა იწვევს და რამ გამოიწვია ამ პროცესების განვითარება. ამიტომ, მე თუ მკითხავთ, სახელმწიფომ ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მიმართულებით აქტივობები, რომლებმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს. პროტესტის გამოხატვა უნდა დარჩეს მშვიდობიან ფარგლებში, ისე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული და წინასწარვე უნდა მოხდეს პრევენცია იმ აქტივობების, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა და დაპირისპირება. ამიტომ ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის რეკომენდაცია იქნება, რომ მომავალში, იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც პროვოცირებას აკეთებენ ამ ტიპის ძალადობის და ამ ტიპის ესკალაციის, გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული ზომები და წინასწარ აღიკვეთოს ასეთი სარისკო მოქმედებები”, – თქვა თალაკვაძემ.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, “დაუბრუნდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიან ფორმებს”.

“გააგრძელონ პროტესტი რამდენი ხანიც სურთ, ჩვენ, პოლიტიკოსები, ვაგრძელებთ კონსულტაციებს, დიალოგს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიტუაცია ძალიან მალე დამშვიდდება”, – დასძინა მან.

ამასთან, ჟურნალისტმა თალაკვაძეს ჰკითხა, რომ პოლიცია ადგილზე იყო, თუმცა ძალადობა არ აღუკვეთია, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირ არ უპასუხა და აქცენტი სამართალდამცავთა რაოდენობაზე გადაიტანა, რაც ჟურნალისტს არ უკითხავს.

​თქვენ შემთხვევით იმ ტელევიზიის წარმომადგენელი ხომ არ ხართ, რომლებიც კრიტიკულად აშუქებდით პოლიციის ბევრ წარმომადგენელის ყოფნას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლა მეუბნებით, რომ გუშინ არასაკმარისი იყო პოლიციის წარმომადგენლობა და პოლიცია არ ჩაერია აქტიურად, რა ორმაგი სტანდარტებია, უკაცრავად”, – თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 დეკემბერს, ქართული ოცნების ოფისთან სამოქალაქო მოძრაობები “სირცხვილია” და “შეცვალე” მცხეთის მერიასთან მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტების ცემას და დაკავებას აპროტესტებდნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ ყვირილით და გინებით. მმართველი გუნდის აქტივისტები სამოქალაქო მოძრაობის წევრებს რამდენჯერმე ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ ქართული ოცნების პარტაქტივსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის კორდონი გააკეთა, “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა “შეცვალეს” და “სირცხვილიას” აქციის მიმართულებით პიროტექნიკის და სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყეს. შედეგად დაშავდა 5 სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის, არასრულწლოვანი.

ამის მიუხედავად, პოლიციას არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია. პირიქით, ისინი მშვიდობიან აქტივისტებს მოუწოდებდნენ, გარიდებოდნენ აგრესიული დაჯგუფებებს და შესაბამისად, ტერიტორიას. სამართალდამცველებმა სირცხვილიას წევრებს ამისთვის ყვითელი ავტობუსიც შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.





ინფორმაციის წყარო: ნახვა