ერდოღანი იმუქრება რომ NATO-ს გეგმებს მხარს არ დაუჭერს, თუ ქურთ მებრძოლებს ტერორისტებად არ ცნობენ


რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფოტო: GETTY IMAGES

NATO-ს სამიტის წინ ერდოღანი იმუქრება რომ ბალტიიპირეთის ქვეყნების დაცვის გეგმას მხარს არ დაუჭერს, თუ წევრი ქვეყნები ქურთ მებრძოლებს ტერორისტებად არ ცნობენ.

ლონდონში გამგზავრებამდე ერდოღანი პოლონეთის პრეზიდენტს ესაუბრა და თქვა, რომ მას და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებს შეხვდება და ამ საკითხს განიხილავენ.

“სიამოვნებით, შეგვიძლია განვიხილოთ ეს საკითხებიც, მაგრამ თუ ჩვენი მეგობრები NATO-ში ტერორისტულ ორგანიზაციებად არ ცნობენ იმ სუბიექტებს, რომლებსაც ჩვენ ტერორისტებად მივიჩნევთ, ნებისმიერ ნაბიჯს შევეწინააღმდეგებით.” თქვა მან.

Reuters-თან საუბარში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა თურქეთი გააფრთხილა, რომ “ყველა ისე არ აღიქვამს საფრთხეს, როგორც ისინი” და მოუწოდა შეწყვიტონ ბალტიის გეგმის დაბლოკვა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი ხელახლა დააფიქსირა გეგმისადმი მხარდაჭერა:

“პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში NATO-ს ძალების ყოფნით რუსეთს ძლიერ სიგნალს ვუგზავნით: თუ ამ ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, მთელი ალიანსი გასცემს პასუხს.” თქვა მან.

სამიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავენ თურქეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებიც. ერდოღანის თქმით ამ შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი საკითხი სირიაში უსაფრთხო ზონის შექმნა იქნება.

ერდოღანი ასევე შეხვდება საბერძნეთის პრემიერმინიტრსაც და ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი რესურსების მოპოვების საკითხს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია “მშვიდობის წყარო” დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა აშშ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეთანხმებას ასადის რეჟიმთან მიაღწიეს, რის შემდეგაც ასადმა სირიის ჩრდილოეთით სირიის არმია გაგზავნა.

ერდოღანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდა, რითაც ქურთ მებრძოლებს ტერიტორიის დატოვების დრო მისცა.

თურქეთი და რუსეთი ასევე შეთანხმდნენ, რომ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთები სირიის საზღვრიდან 30 კილომეტრში დაიხევდნენ. რუსეთმა და თურქეთმა ტერიტორიაზე ერთობლივი პატრულირება დაიწყეს. 

ტრამპმა თქვა, რომ მიუხედავად მისი განცხადებისა, სირიიდან აშშ-ის ჯარის სრულად გამოყვანის თაობაზე, ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების მცირე ნაწილი მაინც დარჩება.





ინფორმაციის წყარო: ნახვა