გომელაური ექიმის გატაცებაზე: დარწმუნებული ვარ, უხერხულად არიან, ექიმის დაკავება არ შეიძლება


ფოტო: შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ საოკუპაციო რეჟიმი “უხერხულადაა“, რადგან ექიმის დაკავება “რაც არ უნდა ცხელი ომი იყოს”, მაშინაც არ შეიძლება.

“ის ადამიანი არის ექიმი, არ არის მებრძოლი ან ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, რომ უფრო რთული იყოს. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რო ამ ადამიანს გამოუშვებენ, ისინი თვითონაც უხერხულად არიან, დარწმუნებული ვარ. ექიმი დაკავება მსოფლიოში, რაც არ უნდა ცხელი ომი იყოს, მაშინაც არ შეიძლება და უშვებენ. აქედან გამომდინარე, შეგვპირდნენ, რომ გამოუშვებენ და დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – თქვა ვახტან გომელაურმა ჟურნალისტებთან.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 3 დეკემბერს იმართება. 

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის 9 ნოემბერს გაიტაცეს და “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ “საზღვრის” უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ “იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე”. 

როგორც “რადიო თავისუფლება” სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა. ამავე წყაროს ინფორმაციით, გატაცებული ექიმისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლის მიწოდებას მონაზვნის საშუალებით გეგმავენ, რომელსაც პატიმრების მონახულების უფლება აქვს.





ინფორმაციის წყარო: ნახვა