გოგუაძე: “ოცნება” ქვეყანას დაპირისპირებისკენ მიაქანებს და ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ!


სამოქალაქო დაპიირისპირება ერთადერთი ჩვენ მტერ სახელმწიფოს რუსეთს აწყობს. გამოვიჩინოთ სიმტკიცე და დაპირისპირებაში არ გადავზარდოთ ეს პროცესი, – ამის შესახებ “აიპრესთან” საუბრისას “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ განუცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება”, რომელიც ქვეყანას დაპირისპირებისკენ მიაქანებს, ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ.

„სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ იმისათვის, რომ ეს პროცესი დაპირისპირებასა და შეხლა-შემოხლაში არ გადავზარდოთ. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება. ეს არ შეიძლება აწყობდეს ამ სახელმწიფოს. ეს ერთადერთ სახელმწიფოს აწყობს, ეს არის ჩვენი მტერი რუსეთი. რაც შეეხება რესურსს, ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ. ხელისუფლებაში არ არსებობს არცერთი ისეთი ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების უნარი გააჩნია. ასეთი არ არსებობს არავინ, პრემიერიდან დაწყებული, შს მინისტრით თუ რიგითი დეპუტატით დამთავრებული.

ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს დათმობებზე წასვლას. სწორედ ხელისუფლება უნდა ცდილობდეს კონსენსუსის მონახვას და ოპოზიციისთვის კომპრომისული ვარიანტების შეთავაზებას. ჩვენ ვხედავთ საპარისპირო პროცესს, როდესაც ოპოზიცია სთავაზობს კომპრომისულ შეთავაზებას. ივანიშვილის ერთადერთი არგუმენტია, რომ გერმანული მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას და ამას იმეორებენ მისი უთავმოყვარეო უმრავლესობის წევრები.

ოპოზიცია სთავაზობს, რომ მოდი ვკითხოთ ისეთ ნეიტრალურ არბიტრს, როგორც ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისიაა, მაგრამ ამაზეც უარს ამბობენ. მხოლოდ ეს ერთი მესიჯი აქვთ მიღებული ბიძინა ივანიშვილისგან. რთული ვითარებაა, მაგრამ მე ამას ტრაგიკულად არ ვუყურებ. დარწმუნებული ვარ, რომ პროტესტი გაგრძელდება. ამათ რომ ჰგონიათ, რომ ხალხს დააშინებენ, ეს ასე არ მოხდება. პირიქით, გაცილებით უფრო გააძლიერებენ ამ პროტესტს. საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორ აფასებენ ამ პროცესს, ამასაც ვხედავთ. ცალკე გარედან უნდა იყოს ზეწოლა და შიგნით უნდა იყოს გააზრებული პროტესტი, უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არაკომპეტენტური და მავნე ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას დაპირისპირებისკენ მიაქანებს, უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი





ინფორმაციის წყარო: ნახვა