“ყველასთვის დაძაბულ ვითარებაში პარლამენტი განიხილავს საპატრიარქოსთვის ახალი ქონებრივი პრივილეგიების მინიჭების საკითხს”

მსოფლიო საზოგადოება სხვა

loading...

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტი საპატრიარქოსთვის ტყეების საკუთრებით გადაცემას განიხილავს. მათივე თქმით, კანონპროექტის განხილვა 16 აპრილსაა დაგეგმილი.

TDI-ში ამბობენ, რომ საპატრიარქო ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებს არ ემორჩილება და ამ დროს ხელისუფლება მათთან მოლაპარაკებებს მართავს.

“სწორედ ამ დროს, ყველასთვის დაძაბულ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები სპეციალური რეჟიმით მუშაობენ, საქართველოს პარლამენტი განიხილავს საპატრიარქოსთვის ახალი ქონებრივი პრივილეგიების მინიჭების საკითხს. ამ ფონზე, განსაკუთრებით პრობლემურია საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის დრო და კონტექსტი”, — აღნიშნავს ორგანიზაცია.

“სახელმწიფო ქონების შესახებ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები. მსგავსი უფლება კი სხვა არცერთი სუბიექტისთვის არ არის განსაზღვრული”.

TDI ამ ცვლილებებს მიმდინარე წლის თებერვალშიც გამოეხმაურა და უარყოფითად შეაფასა საპატრიარქოსთვის დამატებითი და ექსკლუზიური პრივილეგიების მინიჭება.

ორგანიზაცია მოუწოდებს, პარლამენტს, შეწყვიტოს აღნიშნული ცვლილებების განხილვა, რომელიც “დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას”.



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *