"სრული მარაზმია ის, რაც ხდება „ქართულ ოცნებაში“ – ინტერვიუ ხათუნა ხოფერიასთან – ProNews

კრეატივი მსოფლიო საზოგადოება სხვა ჯანმრთელობა

loading...

„ალია“ ესაუბრება ყოფილ პარლამენტარს, ხათუნა ხოფერიას:

– „ქართული ოცნების“ მომხრეების ნაწილი წერს, რომ უგულავასა და ოქრუაშვილი შეწყალებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ პრეზიდენტია, მეორე ნაწილი ამბობს – რომ ეს შეწყალება ტრუკია და პირიქით, ძალიან წაადგება „ოცნებას“. როგორც ვიცი, თქვენ არც ერთ ამ აზრს არ ეთანხმებით კატეგორიულად…

– არ ვიცი, რა ტრუკზეა საუბარი, ეს თემა შეიძლება ვინმემ გამოიყენოს სათავისოდ? პრაქტიკულად ყველაზე დიდი კითხვის ქვეშ დადგა ამ აქტით საქართველოს სახელმწიფოებრიობის საკითხი. როგორ შეიძლება ეს იყოს ტრუკი და ვინ დაგეგმა ისეთი ტრუკი, რომლითაც საქართველოს სახელმწიფოს მიაყენებს შეურაცხყოფას?

პრეზიდენტის საუბრის ქვეტექსტი იყო, რომ სახელმწიფო უუნაროა, რომ არანაირი ბერკეტები გააჩნიათ საიმისოდ, რომ ქვეყანა არ ჩამოგვექცეს თავზე. როდესაც ამბობენ, რომ ამ აქტით მოხდა ქვეყნის გადარჩენა, მაპატიეთ, რას ნიშნავს გადარჩენა? ბოკერია გაბრაზდებოდა და 500 კაცს გამოიყვანდა ქუჩაში? და რა მერე, საპროტესტო აქციები გვიკვირს, თუ 48 მილიონის მომპარავი უგულავასთვის ქუჩები გადაივსებოდა და საპროტესტო აქციები დაიწყებოდა? რისგან გადაარჩინეს ქვეყანა?

– მათი პასუხი ამ კითხვაზე არის ის, რომ მათ ქვეყანა გადაარჩინეს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებისგან…

– თუ ჩავარდებოდა საკონსტიტუციო ცვლილება, დაბრალდებოდა ისევ იმ ოპოზიციას. ზოგადად კანონპროექტის ჩავარდნა, ხმების ნაკლებობა, ეს არის ჩვეულებრივი ცოცხალი პოლიტიკური პროცესი, ამაში საგანგაშო არაფერია. რომელ ნაწილში შეუძლიათ მითხრან, რომ ჩამოინგრეოდა სახელმწიფო? თუ საუბარია სხვა ქვეყნის წარმომადგენლების, დიპლომატების მხრიდან ზეწოლაზე, ესეც ნამდვილად უნდა გახდეს სალაპარაკო, ქვეტექსტები კი არა, ფრჩხილები გაიხსნას და ზუსტად ვიცოდეთ, რეალურად რა ზეწოლაზე იყო საუბარი პრეზიდენტზე, რომელმაც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. ყველაზე საშინელი ისაა, რომ პრეზიდენტი ხელს აწერს შეწყალების აქტს და ამავდროულად აფიქსირებს, რომ ეს ადამიანები არ არიან შეწყალების ღირსნი და ისინი არიან დამნაშავეები. მარტში, შუა მოლაპარაკების პროცესში მოხდა ოპოზიციისგან ახალი ულტიმატუმის წამოყენება პოლიტპატიმრების გამოშვებასთან დაკავშირებით – სერიოზულ პოლიტიკოსს, ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, ჰქონდა თუ არა იმის უფლება, რომ ამ თემაზე საერთოდ, დაეშვა საუბარი? ჩაეტარებინათ ბრიფინგები, ეთქვათ ხალხისთვის, რომ ხდება ასეთი ზეწოლა და ქვეყანაში არ არსებული პოლიტპატიმრების გამოშვებას ითხოვენ. რა საჭირო იყო იმ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, სადაც ბოლო აბზაცში სწორედ მაგაზეა საუბარი. პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის და ამბობს, ჩვენ გვარები და სახელები არ დაგვისახელებია ვინ იყო გამოსაშვები და ჰკითხეთ ეს თუ ასე არ იყო, ელჩებსო – ეს ხომ სირცხვილია. რას ნიშნავს, ვის უნდა დავუსვა შეკითხვა სახელები და გვარები იყო თუ არ იყო ნათქვამი? თუ მართლა იყო სიტყვიერი შეთანხმება, ვინ მისცა მათ უფლება, რომ ასეთ რამეზე, საერთოდ შეთანხმებოდნენ?

– როგორც ირმა ინაშვილმა თქვა, არა მხოლოდ პოლიტპატიმრებზე იყო საუბარი, საუბარი იყო ოპოზიციური ლიდერების, მაგალითად, ბოკერიას ხელშეუხებლობაზე…

– მაგაშია მთელი უბედურება, ეს არ არის ის თემა, რომელიც ასე მარტივად შეიძლება დამთავრდეს. მესიჯბოქსები გაუშვეს – ორი „ტრუპის“ გამოშვება დიდს არაფერს ნიშნავს და ამითი ნაციონალურ მოძრაობას დარტყმა მიაყენეს და რაღაცა სისულელეს ლაპარაკობენ… 

 ეს გარიგებაა?

– მე არ ვიცი, გარიგება ვის შორის იყო, ფაქტია, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს იყო მოლაპარაკების ნაწილი. ამას მოჰყვა „ჩვენი მეგობარი დიპლომატების~ მხრიდან მუქარა და შანტაჟი. პრეზიდენტმა საბოლოო ჯამში ჩაიდინა დანაშაული. კარგად თუ ჩაუღრმავდებით, რა გააკეთა პრეზიდენტმა, მისი ეს საქციელი, სერიოზული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. პრეზიდენტმა უნდა დაასაბუთოს რა უკიდურესი აუცილებლობა იყო ამ ორი დამნაშავის გამოშვება და საქართველოს უამრავი მოქალაქის განაწყენება, სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა, სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფა. მით უმეტეს, რომ მათ არც განცხადება აქვთ დაწერილი, არც თხოვნით მიუმართავს პრეზიდენტისთვის შეწყალების თაობაზე, არც უღიარებიათ… თუ პრეზიდენტმა გაითვალისწინა შუამდგომლობა, რომელიც კანონის მიხედვით შეუძლია და ამის საფუძველზე შეიწყალა – ეს სხვა საკითხია კიდევ.


– თუმცა, პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა პატრიარქის შუამდგომლობა მამალაძის საქმეში.

– ხო, ძალიან ბევრი თემა წამოვა, 48 მილიონის ქურდს, რომელიც სახელმწიფოს დამხობას აპირებდა, იწყალებ და უამრავი ავადმყოფი ზის ციხეში და პრეზიდენტი მათზე არ ზრუნავს და დანაშაულს აწერს ხელს – რისთვის?

 500 მილიონიო, ამბობენ…

– 500 მილიონი, რომლითაც საქართველოს ღირსება შეაფასეს? ანუ, 500 მილიონია ის თანხა, რომლითაც საქართველოს ღირსება ფასდება? ეგ შეიძლება არგუმენტად მოვიყვანოთ? იმიტომ გვიკიჟინებდნენ, ეკონომიკური სიდუხჭირე იქნება და სული ამოგხდებათო, რომ 500 მილიონად გაეყიდათ საქართველო? თემიდას უჭირავს ორი პინა, ერთში არის დანაშაული და მეორეში სამართალი, რომელიც ამ დანაშაულს მიესადაგება. დანაშაულს ვხედავთ და სასჯელი სად არის?

– აქვე უნდა ვიკითხო, ჩვენ არც კვირიკაშვილი გაგვისამართლებია, რომელსაც ასევე მილიონებს ედავებიან და დაკითხვაზეც ატარეს…

-რატომ არ გაასამართლეს მერე? რატომ გრძელდება ხაზარაძის საქმე ამდენი ხანი? რატომ არის ეს საქმეები ჰაერში გამოკიდებული და მერე რატომ იჭერენ უდროო დროს? უგულავას ან დაჭერა რა იყო, ან გამოშვება, ან ისევ ისე დაჭერა? ეს არის ერთიანი სცენარი, იმისთვის რომ საბოლოო ჯამში მიაღწიონ კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობას, უნდა დაფიქსირდეს ქვეყანაში პოლიტიკური და სახელისუფლებო კრიზისი. ეს კრიზისი რომ დაასაბუთო და შექმნა პოლიტიკური კრიზისის სურათი, კომპონენტებია საჭირო და ერთ-ერთი კომპონენტი არის პოლიტპატიმრების არსებობა, რომლებიც საქართველოს 2012 წლის მერე აღარ ჰყოლია. ვინ მოინდომა და გადაწყვიტა, ეს ორი იდიოტი, არაფრისმაქნისი ორი ფიგურა, რომლებიც ვერაფერს შეცვლიდნენ ამ ქვეყანაში, შეეყარა ციხეში იმისთვის, რომ მერე პოლიტპატიმრის სტატუსით გამოეშვათ?

საკონსტიტუციო ცვლილებები, პარლამენტში რატომ ჩააგდეს, თუ „ქართული ოცნება“ ერთიანი პოლიტიკური გუნდია, საკითხი რომ გაჰქონდათ, არ იცოდნენ რომ ჩავარდებოდა? საერთოდ რატომ გაიტანეს? აჟიოტაჟი უნდოდათ, ხო? იყო მოლაპარაკება, რომ თემა უნდა აწეულიყო, რომ შექმნილიყო პოლიტიკური კრიზისის საფუძველი… რომ მერე ეთქვათ, აი, დაარღვიეს პირობა… პოლიტიკაში გადაგდება არ მოსულა, სიტყვითაც რომ შეპირდები, ისიც კი შესასრულებელია…  ესეც გადაწყვეტილი იყო სცენარის მიხედვით, უნდა ჩავარდნილიყო, რომ ტემპერატურა აწეულიყო… საფუძველი შექმნილიყო პოლიტიკური კრიზისის… მაგას მერე მოაყოლეს მეორე – პოლიტპატიმრების თემა. ელჩების თანდასწრებით შექმნეს ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს უტვინოდ და დაუფიქრებლად – და მერე მოინდომეს, რომ ისევ ისე გადაეგდოთ… გამოვიდნენ და თქვეს, არაფერი შეთანხმება არ ყოფილა, თუ გნებავთ დავიმოწმებთ ელჩებსო და ვერაფერი ელჩები ვერ დაიმოწმეს…
მიზანმიმართულად მივდიოდით იქამდე, რომ ასეთი ფაქტი დაფიქსირებული – საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები, რომ საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებში არის გადამგდები, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიძლება დააშანტაჟო და ნებისმიერ ქმედებაზე დაითანხმო… ყველაფერი დაიწყო 20 ივნისს, როცა კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარის, დაუდევრობით, გულგრილობით, არაპროფესიონალიზმით და შეიძლება მიზანმიმართულად, აუცილებლად, ხაზგასმით ვამბობ, შეიძლება მიზანმიმართულადაც მოხდა საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობის ფაქტის წინაშე დაყენება. კობახიძემ ამისი საფუძველი შექმნა… ეს იყო თემა, რომელიც ნებისმიერმა დეგენერატმა შეიძლება განსჭვრიტოს…

– თუმცა, მას პოლიტიკური ფასი არ გადაუხდია…

– მან დატოვა თანამდებობა, მაგრამ შეინარჩუნა მმართველ პარტიაში ადგილი – მის მიმართ ნდობა როგორ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს? და ამ ადამიანს ჩააბარეს ასეთ ურთულეს საკითხზე მოლაპარაკებების პროცესი. კობახიძემ ისიც კი ვერ გათვალა, რომ შეეწყვიტა ერთი დღით მოლაპარაკება და პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინა, რომ აი, ხდება ასეთი თემის შემოტანა პოლიტპატიმრებზე. ამის ნაცვლად, საქმე მიიყვანეს აქამდე.

 იმდენად არ გინდათ დაიჯეროთ, რომ მიზანმიმართულად გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, რომ ხან შეცდომას უწოდებთ და ხანაც ისევ თავად ამბობთ, რომ ეს სპექტაკლია…

– მე ერთადერთი რაც მევალება, ვიფიქრო ჩემ ქვეყანაზე, მე ვამბობ ორ ვარიანტს, ერთი, რომ ვერ გათვალა და არის პოლიტიკურად ბეცი, ან მიიღო მონაწილეობა ამ გათამაშებულ სპექტაკლში, აქედან რომელია, ეს უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ. ან „ოცნება“ გვეტყვის ვინ არის ამაში დამნაშავე და დასჯის დამნაშავეებს, ან გაჩუმდებიან და ჩვენ მივხვდებით, რომ ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული. ორივე ვარიანტში პოლიტიკური ფასი გადასახდელია. სალომე ზურაბიშვილმა ლახვარი ჩასცა თურმე ნაციონალურ მოძრაობას თავისი გადაწყვეტილებით და ნახავთ „ქართული ოცნება“ რა შედეგებით გაიმარჯვებს –  მე კიდევ შემიძლია გითხრათ, არ მაინტერესებს რა ანგარიშით გაიმარჯვებს ქართული ოცნება, იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც არსებობს. ეგენი თუ გაიმარჯვებენ – გადავრჩებით?

– საუბარია, რომ ახალ სახეებს შემოიყვანს „ოცნება“ და ამის ხარჯზე აპირებს გაძლიერებას. რას შეცვლიან ამ ფონზე ახალი სახეები?

– თავმოყვარე ამომრჩეველი იდეოლოგიას აძლევს ხმას, პროგრამას – სახეები ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს, გადავაყოლეთ სახეებს და პიროვნებებს ჩვენი ქვეყანა, არ მთავრდება ზვიადისტები, მიშისტები, შევარდნაძისტები, მხედრიონელები, ახლა ბიძინისტები დაემატნენ. რა მნიშვნელობა აქვს ვის ექნება ცისფერი თვალები, კარგი წვივები და სქელი ტრაკი? მთავარია, ვიცოდეთ, სად მივდივართ. ამ იდეოლოგიით და ამ „მიღწევებით“ ძალიან საეჭვოა, რომ იგივე ამომრჩეველმა დაუჭიროს მხარი. იდეოლოგიას ქმნის ერთიანი გუნდი. ერთხელ თალაკვაძემ თქვა, რომ ჩვენ ვართ ერთიანი და შეკრული გუნდიო, მართალია შიგადაშიგ პატარა გუნდები არისო, მაგრამო… როგორ წარმოგიდგენია, მომღერალთა გუნდი დგას სცენაზე და მღერის “მრავალჟამიერს”, იქითკენ პატარა გუნდმა რომ "ჩაკრულო" იმღეროს და მეორე პატარა გუნდმა კიდევ“ოდოია”? სრული მარაზმია ის, რაც ხდება „ქართულ ოცნებაში“.

– კიდევ უფრო უცნაური იქნება, თუ ამ სამივე გუნდს და სამივე სიმღერას ერთი დირიჟორი ეყოლება, არა?

– გამორიცხულია ერთი დირიჟორი რომ ჰყავდეს.

– ყველა ამბობს, რომ ივანიშვილია მთავარი, მაგრამ ყველა თავის სიმღერას მღერის და რა გამოდის?

– ვერ უდირიჟორებს, გამორიცხულია. ერთი გუნდი უნდა გამოყოს და იმას შეასრულებინოს ის ნაწარმოები, რომელიც შესასრულებელია. ერთს რომ ხელით უდირიჟორებს, მეორე გუნდს ფეხით უდირიჟორებს, თუ დაუსტვენს?

 მეორეს მხრივ, არავის სჯერა, რომ თუნდაც ხუნდაძემ თავისი ნებით იმღერა სხვა სიმღერა… საკონსტიტუციო ცვლილებას რომ მხარი არ დაუჭირა თქვა, რომ ივანიშვილმა კი მთხოვა ხმა მივცეო, მაგრამო, მე ჩემი აზრი მაქვსო…

– ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, ხუნდაძემ რა თქვა, ცოტა უხერხული მოსატანია, პირადად ჩემთვის.

– იმ პოლიტიკური კრიზისში, რომელიც ახსენეთ, ხუნდაძის როლიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ ვახსენე. ეპიდემიაზე რომ გადავიდეთ, არსებული შეზღუდვები, ზედმეტად მკაცრი ხომ არ გეჩვენათ და უნდა შემსუბუქდეს, თუ არა?

– პროცესი ეპიდემიასთან დაკავშირებით წარიმართა გონიერად და ვამბობ, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო შედგა, მართალია, მერე ამაში ზურაბიშვილმა ეჭვი შეიტანა, მაგრამ… ეს იყო სახელმწიფოებრივი ქმედებები. ასაკობრივი გამორჩევა და ხელოვნური გადარჩენის პრინციპი, საშინელი ფაქტი, რომ მოხუცი მოკვდეს და ახალგაზრდა გადავარჩინოთ – ეს ავიცილეთ. ამბობენ, რომ ეკონომიკური კრიზისი იქნება, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არ იქნება საქართველოში იმდენად მძიმე, რომ 500 მილიონად ღირდეს ქვეყნის გაყიდვა. რაც შეეხება შეზღუდვებს, მე მომხრე ვარ, რომ გაგრძელდეს, ეს არ იქნება რთული პროცესი, ჩვენ ყველაზე რთული, სახლში ჯდომა, ხელთათმანები, პირბადე, იზოლაცია – გავიარეთ. ახლა ვერ ვხვდები, რატომ რატომ უნდა გაგვიჭირდეს, თუნდაც ერთი თვე, თუნდაც ორი თვე ან სამი თვე აკრძალვებს დავყვეთ.

– გეტყვით რატომ – ხალხი უფრო და უფრო დაიმშა, თუ ევროპის ზოგ ქვეყანაში რამდენჯერმე დარიგდა შემწეობები, აქ პირველი ეტაპიც კი არ დაწყებულია, თუმცა ამ ფაქტს არ იყენებს ოპოზიცია დებატებისთვის და მე, პირადად, აქაც მიჩნდება გარიგების ეჭვი.

– არ ვიცი, დიდი საქმე გაკეთდა, კრედიტების გადასახადები გაუჩერდათ, პენსიების აღება მოხდა წინასწარ, ბევრს ჰქონდა პენსიებიდან კრედიტი გამოტანილი.

 გეცოდინებათ ალბათ, რომ ეს პროცენტი არსად არ მიდის, არ ქრება…

– ხო, ის სამი თვე დაემატება გადასახადს. თუ გქონდა დარჩენილი 5 წელი, გადახდა მოგიწევს 5 წელი და სამი თვე.

– ეს ხალხი ვინც უკვე შიმშილობდა, კიდევ ერთ თვეს, ორ თვეს და სამ თვეს გაძლებს? როგორ?

– უნდა დავეხმაროთ, რთული პროცესია, ომი გამოვიარეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ადამიანებს გადავატანინოთ ეს პერიოდი. ანტიკრიზისულმა გეგმამ უნდა მიუსწროს მალე ადამიანებს, რომ ისინი ფიზიკურად გადარჩნენ, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, მიშტერებულები არ უნდა ვიყოთ, რას ინებებს ხელისუფლება.

– მე არც ერთის მომხრე არა ვარ, არც „ოცნების“, არც ოპოზიციის და კითხვა მაქვს, კარგი მე დავუდგები გვერდში ხელისუფლებას, შემიძლია, არ შემიძლია, გავიჭირვებ და დავუდგები მშიერიც კი, მაგრამ ხელისუფლება ჩემზე წინ, სწორედ იმ ნაციონალურ მოძრაობას აყენებს ყოველთვის, ვისთან კინკლაობასაც გადამაყოლა  – მე გვერდში ხელისუფლებას დავუდგე და ის გვერდში დაუდგეს ოპოზიციას? – პრინციპი ვერ გავიგე.

– ომის და პანდემიის თემას არასოდეს გამოვიყენებ არც „ნაციონალების წინააღმდეგ“ და არც ხელისუფლების, მე ჩემი მოვალეობები მაქვს და ამ პერიოდში ვალდებული ვარ, ვიყო ერთიანი სახელმწიფოსთან. ეს გადავაგოროთ და მერე უკვე დაიწყება აბანო, თეთრიც გამოჩნდება და შავიც. არასოდეს ვიტყვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეხმარა და მე არა…

– დახმარებაში ვგულისხმობ თანამდებობებს, ფულს, ვგულისხმობ, აი, ამ შეწყალებას, თუნდაც, არ ვგულისხმობ იმას, რომ „ნაციონალს“ მისცა 200 ლარი და მე არა და არ ვგულისხმობ მხოლოდ დღევანდელ დღეს.

– შეწყალება არის პოლიტიკური თემა, რომლისთვისაც უნდა დაისაჯონ ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა, მაგრამ მე ამის გამო, ხელისუფლებას ჩემი ხალხის გასაჭირში ჯიბრში ჩავუდგე და ქიშპობა დავიწყო? რაც შეეხება თანამდებობებს, სტრუქტურები გატენილია „ნაციონალური მოძრაობით“, განსაკუთრებით ის სტრუქტურები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს. ისინი ვინც მტრებად ითვლებოდნენ, ახლა არიან პარტნიორები. ამ ხელისუფლების უბედურება უგულავა კი არ არის, უბედურება ის ხალხია, ვინც თანამდებობებზე ჰყავთ, პარლამენტშიც ასევე, მოლაპარაკებებზეც ვინც ჰყავდათ ისინიც ეგეთები არიან, ყოფილი „ნაციონალები“, ყოფილი სოროსელები, მოლაპარაკება აწარმოეს ჩემი ქვეყნის მტრებთან, ჩემი ქვეყნის ყოფილმა მტრებმა  – რაზეა საუბარი?

– არ გგონიათ რომ ხელისუფლებას გადააბარებენ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ?

– არა, ჩემო კარგო, ვის უნდა გადააბარონ? ბოკერიას? ნამდვილად არ მგონია. ბოკერიას და „ნაციონალებს“ ბაიდენის ფრთა უჭერს ამერიკიდან მხარს და ბაიდენის გუნდს ტრამპი დაასრულებს როგორც კი გაიმარჯვებს.

 რაც ახლა ხდება, ხალხს ამისთვის არ აურჩევია „ოცნება“, რა მოხდება ამ არჩევნებზე? რა უნდა შეცვალოს ივანიშვილმა, რომ ხალხმა დაუჯეროს და ამდენი გადაგდება აპატიოს?

– ივანიშვილმა უნდა შეასრულოს ის, რაც თქვა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მერე – სიტყვა სიტყვით უნდა შეასრულოს ის პირობა – ერთ წელიწადში ნახავთ, ყველაფერს გამოვასწორებ და გვერდში დავიყენებ იმ ხალხს, ვინც ჩემთან ერთად იბრძოდა 2012-ში, ძალიან საინტერესო სიტყვა იყო და უამრავი დაპირება გასცა, რომელიც აქამდეც უნდა გაეკეთებინა და ეს ყველაფერი უბრალოდ არ იქნებოდა.

 და თუ ასე არ მოიქცევა შედეგი რა იქნება?

– შედეგს ვერ ვხედავ, რომ კარგი იყოს. პანდემიის პირობებში ძალიან იყო აწეული ხელისუფლების რეიტინგი და ზოგადად ასეთი პროცესებისას  – ომის დროსაც კი ხელისუფლების რეიტინგი ძალიან იზრდება, ასევე ძალიან მალე ვარდება, როდესაც კრიზისი ჩაივლის. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაითვალისწინონ, ეს არის ჩვეულებრივი, თანმდევი პროცესი, როდესაც იწყება მშვიდობა და ადამიანები წყნარდებიან – ბევრ რამეზე ეხილებათ თვალები. ფაქტი სახეზეა, რომ სრულიად შეგნებულად უშვებენ შეცდომებს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აყენებს იმდენ ზიანს „ქართულ ოცნებას“, რამდენსაც თავად „ქართული ოცნება“ აყენებს თავის თავს.

თამო კეშელავა

ალია №17



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *