კობახიძე: პარლამენტის საქმიანობის ონლაინ რეჟიმში გადასვლა სასწრაფო წესით ვერ მოხდება

მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სხვა

loading...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადევით, პარლამენტის ელექტრონულ საქმიანობაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის მიღება, მისი  სასწრაფო წესით ამოქმედებას არ გულისხმობს, რადგან  ამას დასჭირდება სათანადო პლატფორმის, სათანადო სოფტების შექმნა.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს  პარლამენტის ონლაინ საქმიანობაზე გადასვლის კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის განხილვა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა.

“ჩვენ ვმსჯელობთ კანონპროექტზე და ყველა საკითხი ზედმიწევნით გასაანალიზებელია, რაც დაკავშირებულია კონსტიტუციურობასთან, ასევე უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო პრაქტიკაც, თვითონ წამომადგენლობითი ორგანოს არსი, რა არის და მისი ფორმის სტანდარტული წესი რა არის, ამ ყველაფერს გავიაზრებთ, ასევე, კიბერსაფრთხეებიც უნდა გავითვალისწინოთ, ამ ყველაფერს გავიაზრებთ და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას რეგლამენტში ამ ცვლილების მხარდაჭერის თაობაზე. მაგალითად, კონსტიტუციაში მითითებულია, რომ პარლამენტი იკრიბება, შეკრების სხვაგვარი განმარტება შეიძლება არ იყოს თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან, ამას უნდა ჩავუღრმავდეთ და გავაანალიზოთ ამ ტერმინის შინაარსი. თუ ჩვენ შეკრებას სხვაგვარად განვმარტავთ, შეიძლება მოგვიანებით სხვა ტერმინებიც, დასწრება, მოწვევა და ა.შ. სხვაგვარად განიმარტოს. ეს არ არის მარტივი საკითხი, სჭირდება ჩაღრმავება,” – განაცხადა  ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, კანონპროექტში მითითებულია, რომ მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს შეიძლება დისტანციური ფორმით საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა და ამ ფორმით მუშაობა ამის იქით არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს, თუმცა, ამ ჩანაწერშიც შესაძლოა, არსებობდეს რისკები, რაც გასაანალიზებელია.

“ამისთვის უნდა შეიქმნას შესაბამისი პროგრამა, ეს არის ტექნიკური მხარე და ტექნიკური მხარეც არის მნიშვნელოვანი, თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შინაარსობრივი მხარე. როგორც მოგეხსენებათ, ისტორიულად წარმომადგენლობითი ორგანოები მუშაობენ ტრადიციული შეკრების ფორმით. აქ კორექტივების შეტანა საჭიროებს განსაკუთრებულ ანალიზს.

ბუნებრივია, რომც მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, სასწრაფო წესით ის ვერ ამოქმედდება, ამას დასჭირდება სათანადო პლატფორმის, სათანადო სოფტების შექმნა, ბუნებრივია, ეს ვადები უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამის პროექტში,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *