ვირუსთან კონტაქტის შიშით, სკაფანდრში გამოკეტილი ბიჭის ამბავი

კრეატივი მსოფლიო სხვა

loading...

 

დევიდ ვეტერის შემთხვევა მრავალი მეცნიერისთვის კვლევის საგნად იქცა. ბიჭუნა 12 წელი ცხოვრობდა პლასტიკურ სფეროში, გარე სამყაროსთან შეუთავსებლობის გამო.

 

დევიდის დაბადება დიდი რისკი იყო და ბიჭის მშობლებმა ამის შესახებ წინასწარ იცოდნენ. მის დაბადებამდე ერთი წლით ადრე, ჯოზეფ და კეროლ ვეტერებს მოუკვდათ 7 თვის ვაჟი, რომელიც SCIB-ით დაიბადა – ძლიერი კომბინირებული იმუნოდეფიციტი.

 

 

SCID არის გენეტიკური დეფექტი, რომელიც ძირითადად ბიჭებზე მოქმედებს (გოგონები არიან გენის მატარებლები).

 

დაავადება ანგრევს თიმუსის ჯირკვალს: ამ დიაგნოზით დაავადებულ ბავშვში T ლიმფოციტები უმეტესად არ არსებობს, ხოლო B ლიმფოციტები არ მუშაობს.

 

როდესაც კეროლმა გაარკვია, რომ იგი კვლავ ფეხმძიმე იყო და ბიჭს ელოდებოდა,  ექიმებმა უთხრეს, რომ მეორე ვაჟი ასევე მემკვიდრეობითი დაავადებით დაიბადებოდა და შესთავაზეს აბორტი.

 

მას ასევე უთხრეს, რომ თუ მაინც გადაწყვეტდა ბავშვის გაჩენას და დაავადება  აისახებოდა მათ შვილზე, შეიძლებოდა მისი მოთავსება სტერილურ სფეროში, სანამ ჯანმრთელი ძვლის ტვინის გადანერგვა მოხდებოდა.

 

მშობლებს უკვე ჰყავთ უფროსი  ქალიშვილი, რომელიც შესაძლოა, დონორი გამხდარიყო. მშობლებმა გადაწყვიტეს, ბედს მინდობოდნენ.

 

 

 

დევიდი დაიბადა 1971 წლის 21 სექტემბერს, იმუნიტეტის სრული არარსებობით. ნებისმიერ ბაქტერიასთან ან ვირუსთან კონტაქტი მისთვის სასიკვდილო იყო.

 

მისი დის გამოკვლევით დადგინდა, რომ მისი ძვლის ტვინი არ იყო შესაფერისი ტრანსპლანტაციისთვის.

 

დევიდი დარჩა მომცრო ოთახის ზომის სტერილურ პლასტმასის ბუშტში, რომელიც მისთვის NASA-ს ინჟინრების მიერ იყო შექმნილი. ყველაფერს, რაც მის შიგნით შეიტანეს, საფუძვლიანი დეზინფექცია ჩაუტარდა.

 

წყალი, ჰაერი, საკვები, ტანსაცმელი – ნებისმიერი ნივთი წარმოადგენდა პოტენციურ საფრთხეს ბიჭისთვის.

 

სათამაშოები და წიგნები გაწმინდეს წებოსგან და ეტიკეტებისგან, მოათავსეს სპეციალურ გარემოში, რომელიც ივსებოდა ეთილის ოქსიდით.

 

ნივთები იქ 2 საათის განმავლობაში დატოვეს, 60 ° C ტემპერატურაზე, რის შემდეგაც ისინი 7 დღით ჟანგბადის კამერაში მოათავსეს.

 

როდესაც დევიდი მონათლეს, ნაკურთხ წყალსაც კი წინასწარ ჩაუტარდა დეზინფექცია.

 

ბიჭს დედა ვერ იხუტებდა. დევიდთან შეხება მხოლოდ გამჭვირვალე ოთახის კედელში დამონტაჟებული, სპეციალური ხელთათმანების დახმარებით შეიძლებოდა.

 

ექიმებს მიაჩნდათ, რომ ორი წლის ასაკში დევიდს შეეძლო გამოჯანმრთელება, მაგრამ სასწაული არ მოხდა – ბიჭმა განაგრძო სტერილურ გარემოში ცხოვრება.

 

მან თავისი ავადმყოფობის შესახებ შეიტყო 4 წლისამ, როდესაც ბუშტის კედელი გახვრიტა შემთხვევით დავიწყებული შპრიცის ნემსით.

 

ბავშვთან მოუწიათ საუბარი მიკრობებზე და აუხსნეს, რამდენად საშიში იყო მისთვის გარემო.

 

 

1975 წელს შეიკრიბა ტეხასის ბავშვთა საავადმყოფოს 30 თანამშრომელი და იმსჯელეს, შესაძლებელი იყო თუ არა ბავშვის აღზრდა სტერილურ ბუშტში? შეიძლება! გადაწყვიტეს და არავინ დაბრუნებია ამ საკითხს.

 

ექვსი წლის დევიდმა პირველად შეძლო სახლიდან გასვლა.

 

კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტებმა გამოიგონეს მისთვის სპეციალური სკაფანდრი, რომელიც ბავშვის სტერილიზაციას უზრუნველყოფდა და ბიჭს ქუჩაში გასვლის საშუალება მისცა.

 

თუმცა, მასში შეღწევა ადვილი არ იყო: დევიდი იძულებული იყო, სფეროში იზოლირებული და ძალიან ვიწრო გვირაბით შემძვრალიყო.

 

ვიდრე ბიჭი სკაფანდრში შეძვრებოდა, აუცილებელი იყო, გაევლო 24-საფეხურიანი მომზადება,

 

რაც ხელს შეუწყობდა სტერილური გარემოს უზრუნველყოფას, მაგრამ მიუხედავად ყველა სირთულისა, სკაფანდრი ნამდვილი ხსნა იყო დევიდისთვის და მისი დედისთვის.

 

1977 წელს კეროლმა პირველად შეძლო შვილის ხელში აყვანა. თუმცა, ბიჭმა სკაფანდრით მხოლოდ ექვსჯერ ისარგებლა.

 

 

ექიმები და მშობლები ცდილობდნენ, ბავშვი ნორმალური ცხოვრებით უზრუნველეყოთ. სახლში მასწავლებლები მიდიოდნენ, თანატოლები სტუმრობდნენ, ჰქონდა ტელევიზორის ყურების საშუალებაც.

 

თუმცა, იყო რთული დღეებიც. დევიდის მომსახურე სამედიცინო პერსონალი საუბრობდა ბიჭის უკონტროლო რისხვაზე.

 

რამდენჯერმე აგრესია გამოავლინა და ყვიროდა, რომ ველური ცხოველივით იყო გალიაში გამოკეტილი.

 

80-იან წლებში წამოიჭრა საკითხი, რომ დევიდის ასეთ პირობებში შენახვა ძალიან ძვირი ჯდებოდა.

 

ექსპერიმენტებზე უკვე დახარჯული იყო 1 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო ხარჯები კვლავ იზრდებოდა.

 

ექიმებმა მხრები უმწეოდ აიჩეჩეს, რადგან აღიარეს, რომ განკურნების იმედი პრაქტიკულად არ არსებობდა და ამ დაავადების განკურნება ნამდვილად არ მოხერხდებოდა მომდევნო 10 წლის განმავლობაში.

 

 

დევიდის მკურნალობას ახალმა სპეციალისტებმა მოჰკიდეს ხელი. ისინი პრობლემის მოგვარებას ბიჭის გამა გლობულინითა და ანტიბიოტიკებით გაჭყეპაში ხედავდნენ.

 

მშობლებმა უარი თქვეს ასეთ მკურნალობაზე. რამდენიმე წლის შემდეგ, ექიმთა გუნდმა მშობლებს ძვლის ტვინის გადანერგვა და დონორად დევიდის დის გამოყენება შესთავაზეს.

 

1983 წელს ოპერაცია ჩატარდა, მაგრამ დონორი არც თუ ისე შესაფერისი აღმოჩნდა.

 

ოპერაცია კარგად დასრულდა – როგორც ჩანს, ორგანიზმმა დონორის მასალა მიიღო, მაგრამ გადანერგვიდან ოთხი თვის შემდეგ, 1984 წლის იანვარში, დევიდმა მოულოდნელად ცუდად იგრძნო თავი.

 

აღმოჩნდა, რომ ეპშტეინ-ბარის ვირუსი იმალებოდა მისი დის ძვლის ტვინში, რამაც გამოიწვია მონონუკლეოზი და ბურკიტის ლიმფომა. ბიჭუნა სწორედ ამას შეეწირა.

 

 

დევიდი გარდაიცვალა 1984 წლის 22 თებერვალს, 12 წლისა. ბიჭი სამი დღის შემდეგ დაკრძალეს. და ეს იყო პირველი და ბოლო შემთხვევა, როდესაც კეროლმა შეძლო შვილისთვის ეკოცნა.



loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *